ბანაკის პროგრამა გათვლილია 3 ასაკობრივ ჯგუფზე (8-10, 11-12 და 13-16 წლის ბავშვებზე) და მოიცავს შემეცნებით-შემოქმედებით, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, გასართობ და სათავგადასავლო მიმართულებებს.

პროგრამას განახორციელებენ კვალიფიკაციური სპეციალისტები (ლიდერები და ახალგაზრდული მუშაკები), რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი მომზადება და გააჩნიათ სათანადო გამოცდილება.

სულ ბანაკში იქნება 3 რაზმი, თითოეულ რაზმში კი – 15-16 ბავშვი. ყოველ რაზმს უხელმძღვანელებს ორი ლიდერი (გოგონა და ვაჟი) და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის პროგრამ-კოორდინატორი. რაზმები დაკომპლექტდება მონაწილეთა ასაკისა და სქესის გათვალისწინებით.

დღის განმავლობაში ბავშვები ჩაებმებიან სხვადასხვა ტიპის აქტივობებში.

ბანაკის დღის განრიგი:

08:00 – 08:30 – ადგომა
08:30 – 09:00 – დილის გამამხნევებელი ვარჯიში
09:00 – 09:30 – საუზმე
09:30 – 10:00 – პირადი დრო / ოთახების მოწესრიგება
10:00 – 11:30 – რაზმის დრო
11:30 – 14.00 – აქტივობები ღია ცის ქვეშ
14:00 – 15:00 – სადილი
15:00 – 16:00 – წყნარი საათი
16:00 – 19:00 – მასტერ-კლასები / შემოქმედებითი აქტივობები
19:0020:00 – ვახშამი
20:00 – 21:00 – რაზმის დრო / საღამოს ღონისძიებისთვის მზადება
21:00 – 22:30 – საღამოს ღონისძიება
22:30 – 23:00 – ძილისთვის მზადება
23:00 – 08:00 – ძილი

 

„რაზმის დრო“ 

პერიოდი, რომლის დროსაც ტარდება სპეციალურად რაზმისთვის შედგენილი პროგრამა და აქტივობები. ბანაკის საწყის ეტაპზე „რაზმის დრო“ უფრო მეტად დაეთმობა რაზმის წევრთა გაცნობას, დამეგობრებასა და გუნდად შეკვრას, ხოლო შემდგომ პერიოდში – რაზმის მიერ „საღამოს ღონისძიებისთვის“ მომზადებას.

 

„აქტივობები ღია ცის ქვეშ“ 

სხვადასხვა დანიშნულების მოძრავი აქტივობები, რომელიც ტარდება კარგ ამინდში და ბუნების წიაღში:

  • სახალისო თამაშები რაზმებში და რაზმებს შორის;
  • მხიარული სტარტები და სპორტული ასპარეზობები (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი);
  • ლაშქრობა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში და ნიამორების ფერმის მონახულება;
  • ექსკურსია აწყურის ციხეზე და სათავგადასავლო თამაში (წინაღობების გადალახვა და თავსატეხის ამოხსნა).

 

 

„წყნარი საათი“

მოძრავი აქტივობებისაგან დასვენების პერიოდი, როდესაც ბანაკის მონაწილეებს შეუძლიათ დრო დაუთმონ საკუთარ თავს, სურვილისამებრ  – დაიძინონ, მეგობრებთან ერთად ისაუბრონ, წაიკითხონ ან სამაგიდო თამაშები ითამაშონ.

 

 

„მასტერ-კლასები“

საგანმანათლებლო პროცესი, რომელსაც წარუძღვებიან სათანადო ცოდნისა და გამოცდილების მქონე ლიდერები. მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ხოლო სასწავლო ჯგუფების დაკომპლექტება მოხდება ყოველდღიურად – ბანაკის წევრთა ინტერესების გათვალისწინებით. მათ შორისაა:

შემოქმედებითი სახელოსნოები (ხატვა, სიმღერა, ძერწვა, ორიგამი და კრაფტი) და სხვა.

 

„საღამოს ღონისძიება“ 

საბანაკე დღის დასკვნითი აქტივობა, რომელშიც ჩართულია ბანაკის ყველა რაზმი. იგი შეიძლება იყოს 2 სახის:

  1. ღონისძიება, რომელსაც ესაჭიროება რაზმების მიერ წინასწარი მომზადება:
  • ბანაკის საზეიმო გახსნა (რაზმების მიერ კრეატიული თვითპრეზენტაცია);
  • თეატრალური ფესტივალი (მაგ.: რაიმე ცნობილი ზღაპარი სხვადასხვა ჟანრში);
  • იმპროვიზირებული კონცერტი – „ნიჭიერი“ (ცეკვა, სიმღერა, ლექსები, მუს. საკრავები და სხვა);
  • შემოქმედებითი გამოფენა („უჩვეულო“ მასალებისგან კოსტუმების შექმნა და პოდიუმი) და ა.შ.

 

  1. ღონისძიება, რომელსაც არ ესაჭიროება რაზმების მიერ წინასწარი მომზადება:
  • ინტელექტუალური თამაში: „რა? სად? როდის“;
  • მხიარული კონკურსები რაზმებსა და მათ ლიდერებს შორის;
  • კინოჩვენებები და შემდგომი დისკუსიები;
  • დისკოთეკა და სხვა.

 

 

„ძილისთვის მზადება“

 აქ იგულისხმება რაზმებში დღის შეჯამება, საუბრები და რეფლექსია. შესაძლოა ეს ყოველივე განხორციელდეს კოცონთან, გიტარის თანხლებით.  

 

ბანაკის ყველა თემატური დღე ორგანიზატორების მიერ იგეგმება წინასწარ, თუმცა იგი შეიძლება შეიცვალოს ბანაკის დინამიკის, მონაწილეთა ინტერესებისა და ამინდის გაუარესებიდან გამომდინარე.