დღესდღეობით, ძალიან აქტუალურია საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ სად შეიძლება რომ ბავშვებმა და მოზარდებმა მიიღონ მეტი ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და შეიძინონ მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება. ამ გზაზე საუკეთესო საშუალება ეს არის ბანაკები. ამიტომაც,  ბანაკების თემა მეტი და მეტი დაინტერესების საგანი ხდება, როგორც მშობლების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან.

,,მზიანი სახლი“ ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც ბანაკების ორგანიზებისა და ახალგაზრდებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომაც, დღეს „მზიანი სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე ნოდარ მამინაიშვილი შეხვდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის საკითხთა კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსს, ბელა ბერაძეს, სადაც   სამინისტროს შესთავაზა ორგანიზაციის  ცოდნა და გამოცდილება   ბანაკების სახელმწიფო კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით.

ამ კონცეფციის შექმნაში ორგანიზაცია თავის წვლილს შეიტანს იმით, რომ იწყებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საზაფხულო ბანაკების სერიას, რომელშიც იგულისხმება ისეთი საკითხების უმაღლეს დონეზე გადაწყვეტა, როგორიცაა:

  • უსაფრთხოების დაცვა
  • მაღალკვალიფიციური კადრები (ლიდერები, პროგრამული და სპორტული კოორდინატორები)
  • კვებისა და ჯანმრთელობის კონტროლი
  • შესაფერისი ინფრასტრუქტურის შერჩევა
  • ბანაკის ურთიერთობების მოწესრიგება შინაგანაწესითა და სხვა დოკუმენტებით
  • ბანაკის მონაწილეთა ასაკობრივ ჯგუფებზე მორგებული შემეცნებით-შემოქმედებითი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, გასართობი და სათავგადასავლო პროგრამა

სამინისტროს წარმომადგებლობა დაინტერესდა საკითხით და სამომავლო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.