ხშირად დასმული კითხვები

კითხვა 1: იქნება თუ არა ბანაკში Wi Fi?

პასუხი 1: აწყურის ბანაკში არის დაბალი სიჩქარის Wi-Fi. რა თქმა უნდა, ბავშვებს ნებისმიერ დროს ექნებათ მისი გამოყენების შესაძლებლობა, თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ძირითად აქცენტს ვაკეთებთ საგანმანათლებლო, შემეცნებით-შემოქმედებით და გასართობ პროგრამაზე და ამიტომაც, ბავშვებს ნაკლებად ექნებათ ინტერნეტით სარგებლობის მოტივაცია.
________________________________________________________________________________________________

კითხვა 2: როდის შეიძლება ბავშვებთან დარეკვა?

პასუხი 2: სასურველია ბავშვებს დაურეკოთ დილით (09:00-10:00 სთ-ებში) ან წყნარი საათის დროს (15:00-16:00 სთ-ებში). ჩვენი გამოცდილებით, საღამოთი, ძილის წინ უფრო იმატებს სახლის, ახლობლების მონატრება და სევდიან გუნება-განწყობაზე აყენებს ბავშვებს (მითუმეტეს, როდესაც მშობელი უყვება, რომ შვილი ძალიან ენატრება). სასურველია, რომ წაახალისოთ ბავშვები, რომ მიიღონ ახალი პოზიტიური გამოცდილება, იურთიერთონ სხვა ბავშვებთან და სასიამოვნოდ გაატარონ დრო.
________________________________________________________________________________________________

კითხვა 3: როგორ შეგვიძლია ვეკონტაქტოთ ლიდერს?

პასუხი 3: ბანაკში მონაწილის გაცილების დროს მშობლებს გადაეცემათ საკონტაქტო ლისტი, სადაც მოცემულია ბანაკის ყველა პასუხისმგებელი პირის (მათ შორის – ლიდერების) საკონტაქტო ინფორმაცია. ლიდერთან დაკავშირებისას გასათვალისწინებელია მისი სამუშაო განრიგი, განსაკუთრებით რაზმთან მუშაობის დრო. ამიტომ, ლიდერთან დაკავშირება უმჯობესია წყნარი საათის ან საღამოს (ძილის წინ) პერიოდში.
________________________________________________________________________________________________

კითხვა 4: გამოვატანოთ თუ არა ბავშვს ფული და შესაძლებელია თუ არა იქ რაიმეს ყიდვა?

პასუხი 4: ბანაკი ყველაფრით არის უზრუნველყოფილი, ხოლო მის ტერიტორიაზე და ახლომახლო არ იყიდება არაფერი. შესაბამისად, ბავშვებს არ ექნებათ იმის „ცდუნება“, რომ რაიმე შეიძინონ. რა თქმა უნდა, შვილისთვის თანხის მიცემა მშობლის ნებაა, თუმცა, აქვე გაცნობებთ, რომ როგორც წესი, ბანაკში ყოფნის პერიოდში, მონაწილეთა საკუთრებაში მყოფ თანხას აღრიცხავს, ინახავს და საჭიროებისამებრ მეპატრონეზე გასცემს ლიდერი.
________________________________________________________________________________________________

კითხვა 5: რა ასაკის ლიდერები იქნებიან და რა მომზადება აქვთ მათ?

კითხვა 5: ლიდერების ასაკია 20 წლიდან ზემოთ. თითოეულ მათგანს გავლილი აქვს ლიდერების გადასამზადებელი 7-დღიანი ტრენინგ-კურსი და შესაბამისი პრაქტიკუმი. (თემები: „არაფორმალური განათლება და ბანაკის სპეციფიკა“, „ლიდერობა და გუნდური მუშაობა“, „ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებები“, „უსაფრთხოება და რისკ-მენეჯმენტი“, „ბანაკში კონფლიქტების მართვა და მუშაობა რთულ ბავშვებთან“, „მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება და პროგრამების შედგენა მონაწილეთა ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით“, „აქტივობები ღია ცის ქვეშ“ და ა.შ.).
________________________________________________________________________________________________

კითხვა 6: თუ ბავშვს სახლი მოენატრება?

პასუხი 6: ბუნებრივია, ბანაკის პირველ დღეებში ბავშვს შეიძლება მოენატროს სახლი, ამიტომაც, ჩვენი პროგრამის პირველი ამოცანაა – რაც შეიძლება სწრაფად და საფუძვლიანად გაიარონ ბანაკის მონაწილეებმა ადაპტაცია. ამისათვის ჩვენ ვიყენებთ მრავალფეროვან მეთოდებს, სხვადასხვა ტიპის აქტივობებს და განსაკუთრებულ აქცენტს ვუთმობთ მონაწილეთა გაცნობას, დამეგობრებასა და გუნდად შეკვრას. ამით ჩვენ ვქმნით მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს, სადაც ბავშვები ადვილად ახდენენ საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენას და საერთო საბანაკე ჟივილ-ხივილში ინტეგრირებას.
________________________________________________________________________________________________

კითხვა 7: შეიძლება თუ არა ჩამოვიდე ბანაკში და მოვინახულო ბავშვი?

პასუხი 7: რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა, სასურველია, რომ ბანაკში ჩამოსვლიდან თავი შეიკავოთ და მისცეთ ბავშვს დამოუკიდებლობის განვითარების საშუალება. მით უმეტეს, ბანაკი მხოლოდ 6 დღე მიმდინარეობს, ახლობლის ჩამოსვლა კი მონაწილეს ამოაგდებს კალაპოტიდან და ხელს შეუშლის საბანაკე რეჟიმის ჩვეულ რითმს.
________________________________________________________________________________________________

კითხვა 8: როგორ მოვამზადო ბავშვი ბანაკისათვის? რა გამოვატანო და რა არა?

პასუხი 8: ბავშვის დარეგისტრირების შემდეგ, თქვენს მიერ შევსებულ განაცხადში მითითებულ ელ-მისამართზე გადმოგეგზავნებათ შესაბამისი გზამკვლევი (ინფორმაციული პაკეტი), სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი ბანაკის წესები და ბანაკში „აუცილებლად წამოსაღები“ თუ „აკრძალული“ ნივთები. თავის მხრივ, მშობლებს ვურჩევთ, რომ ბანაკში დარეგისტრირებამდე ბავშვთან ერთად გაეცნოს საიტზე არსებულ ინფორმაციას ბანაკის პირობებისა და პროგრამის შესახებ, წინა წლების ბანაკების ფოტო-ვიდეო მასალას, რათა ორივეს შეექმნას ნათელი წარმოდგენა ბანაკსა და მის აქტივობებზე.
________________________________________________________________________________________________

კითხვა 9: რა პრინციპით მოხდება ოთახებში ბავშვების განთავსება?

პასუხი 9: ოთახებში ბავშვების განთავსება მოხდება ასაკის, სქესისა და რაზმების გათვალისწინებით. არ არის რეკომენდირებული დედმამიშვილების ერთ ოთახში განთავსება, თუკი ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს, რადგან ამ შემთხვევაში მათ განსხვავებული ინტერესები, გამოწვევები და ბიორიტმი გააჩნიათ და განსხვავებულ დროს სჭირდებათ დასვენება, დაძინება, განმარტოება თუ აქტიურობა.
________________________________________________________________________________________________

კითხვა 10: გამოვატანო თუ არა ბავშვს წამლები?

პასუხი 10: ბანაკს მომარაგებული აქვს ყველა საჭირო მედიკამენტი და ჰყავს კვალიფიციური ექთანი. თუკი არასრულწლოვანი ექიმის დანიშნულებით იღებს სამკურნალო საშუალებებს, აუცილებლად ჩამოწერეთ წამლების სია, მათი მიღების ინსტრუქცია და განრიგი, ბავშვს გამოატანეთ წამლების საკმარისი რაოდენობა და ყოველივე ეს წინასწარ გვაცნობეთ, რათა ექთანმა მეთვალყურეობა გაუწიოს არასრულწლოვანის მიერ წამლის დროულად და სწორად მიღებას.